„გაკინოება“ არის ცელულოიდის ენების კიდევ ერთი კურსი, რომელიც 13-17 წლის მოზარდებს ქართულ (სასკოლო) ლიტერატურას ასწავლის კინოხერხების და მსოფლიო კინო-შედევრების დახმარებით, მსოფლიო კინოს კი - ქართული ლიტერატურის დახმარებით, ამდენად ის ერთიანობაა ორი კომპონენტისა: გაკინოებული ლიტერატურული ნაწილის და წმინდა კინო-ნაწილის, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიანობას ქმნიან.
„გაკინოების“ საჯარო სიცოცხლის დაწყების
თარიღად გამიზნულად და სრული ბედნიერებისთვის შეირჩა 4 აპრილი, ანუ ნამდვილი გამყვან-სტალკერის - ანდრეი ტარკოვსკის დაბადების დღე!
„გაკინოების“ იდეის ავტორი, მეთოდის ავტორი, კურსის სულის შთამბერავი და შემოქმედებით-ტექნიკური ხელმძღვანელი არის ლელა ბერიძე - კინორეჟისორი, ფილოლოგი, მთარგმნელი, ცელულოიდის ენების ავტორი და ხელმძღვანელი.
„გაკინოებაზე“ მუშაობს ნამდვილი პროფესიონალების და - რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - პროფესიონალი მეგობრების გუნდი. ამ პროფესიონალების გარეშე „გაკინოება“ ვერ იარსებებდა, ესენი კი არიან:
ნინო ბარძიმიშვილი - ფილოლოგი, მთარგმნელი, საქართველოს მთა-ბარის სპეცი და ხეტიალთუხუცესი (და გაკინოებისთვის ეს უკანასკნელი ასპექტიც ერთობ მნიშვნელოვანია),
ქეთი პატარაია - სცენარისტი, კინომცოდნე,
თამარ მინაშვილი - მხატვარი და იფ, რა მხატვარი!
„გაკინოების“ გეოგრაფიული რუკა-პაზლი ეძღვნება ჩვენი უძვირფასესი მეგობრის ვანიკო რამიშვილის ხსოვნას